ჩვენ შესახებ

 

2014 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის, გაფორმდა დაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 13 მარტს. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსთვის 50 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფას შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისთვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით. პირველი კომპონენტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო მეორე კომპონენტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით (შემდგომში - „სააგენტო“).


„ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №351 დადგენილებით განისაზღვრულ 11 საპილოტო არეალში, რომლებიც შედგება 12 დასახლებული პუნქტისაგან: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი), ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).


საპილოტო პროექტის მიზანია საპილოტო დასახლებებში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია. ეს პროცესი მოიცავს სრულ საკადასტრო აღწერას და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მონაცემთა ბაზის შექმნას. საპილოტო პროექტის ფარგლებში უნდა გასწორდეს მონაცემებში არსებული შეუსაბამობები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს საკადასტრო ინფორმაციის ნაკლებობით ან დაუზუსტებელი საკადასტრო ინფორმაციით და სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია იმ მიზნით, რომ:
დაზუსტდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საზღვრები და კონფიგურაცია მის ფაქტობრივ მდებარეობასთან;
უზრუნველყოფილი იყოს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;


უზრუნველყოფილი იყოს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემების შესაბამისობა ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობასთან და სათანადო შესწორებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


საპილოტო პროექტის ფარგლებში სააგენტო საკუთარი ინიციატივით დაადგენს დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს და დაარეგისტრირებს ცვლილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფუძველზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა შესაბამისი მხარის ჩართვის უზრუნველყოფით.
ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემური საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: დაურეგისტრირებელი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, სასაზღვრო მიჯნასთან ან/და ზედდებასთან დაკავშირებული დავები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების არარსებობა ან/და დოკუმენტში არსებული ხარვეზები, შეუსაბამობები ფაქტობრივ მდგომარეობასა და დოკუმენტებს შორის, ფორმის დაუცველად დადებული გარიგებები.

საპილოტო პროექტი უზრუნველყოფს საკუთრების უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას, საკადასტრო აზომვების მაღალი სიზუსტით შესასრულებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მეთოდოლოგიის მომზადებასა და შედეგების შეფასებას, რომელთა საფუძველზე „მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამის“ განხორციელებისთვის შემუშავდება შესაბამისი მეთოდოლოგია და რეკომენდაციები.
საპილოტო პროექტის არეალებში საველე აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს, ხოლო პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 31 ივლისი.