მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის თემაზე ვანში შეხვედრა გაიმართა

2018-06-25

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გოგორიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში სოფელ სალხინოში  სამუშაოების დაწყების დეტალები განიხილეს. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საპილოტო პროექტის გაცნობას და მის დასაწყებად სამართლებრივი და პროცედურული ბაზის შემუშავებას. 

ტექნიკური სამუშაოები სალხინოს  საპილოტო არეალზე მარტში დაიწყება და მას კერძო კომპანია განახორციელებს, ხოლო სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზს სააგენტო თავად უზრუნველყოფს. სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო ასევე გეგმავს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას და მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცის მიწოდებას. 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი წარმატებით დასრულდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის არეალებზე. ამჟამად ტექნიკური სამუშაოები დედოფლისწყაროს ორ სოფელში - არხილოსკალოსა და არბოშიკში მიმდინარეობს.