შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

2018-09-21

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” მიწის ბაზრის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია პროექტის ხელმძღვანელებსა და ექსპერტებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა მიწის რეგისტრაციის საპილოტო პროექტის სახელმძღვანელო პრინციპების და პირველი საპილოტო ფაზის - მანგლისის არეალზე სისტემური რეგისტრაციების განსახორციელებლად დაგეგმილი აქტივობების განხილვა იყო.

„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2 ეტაპად მიმდინარეობს. რეფორმის პირველი ეტაპი - სპორადული რეგისტრაციები, რომელიც მოქალაქეთა ინდივიდუალური განაცხადების საფუძველზე ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით მიმდინარეობს. სისტემური რეგისტრაციები მიწის რეფორმის მეორე ეტაპია და სარეგისტრაციოდ წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში სისტემურად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას გულისხმობს. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე საჯარო რეესტრმა მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა. სწორედ ამ სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც დაგვეხმარება ქვეყანაში დავასრულოთ სასოფლო სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაცია. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას“ - აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

საპილოტე პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველად სარეგისტრაციო სამუშაოებს 12 სოფელში შეასრულებს. სულ კი 48 000 ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოხდება. უშუალოდ ამ პორცედურის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს გულისხმობს. მოსამზადებელი სამუშაოები სააგენტომ უკვე დაასრულა.

სისტემური რეგისტრაციების სამუშაოები WB-მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის „მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, რომლის განმახორციელებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და მიწის ბაზრის განვითარება, რომლის განმახორციელებელიც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.