პროცესის აღწერა

                                                                 

საპილოტო არეალებში პროექტის მიმდინარეობის პროცედურები

  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N351 დადგენილებით განისაზღვრა 12 საპილოტო არეალი. საპილოტო არეალებში პროექტი მიმდინარეობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდეგში-კანონი). საპილოტო არეალზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს არეგულირებს ასევე  „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანება. მიწაზე უფლების რეგისტრაციის განხორციელებისთვის აღნიშნული დოკუმენტები სავალდებულოდ ადგენს პროცესის შემდეგ თანმიმდევრობას:

 

  1. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინფორმირება:

  ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინფორმირება მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ინფორმირებას პროექტის შესახებ, საპილოტო არეალების საზღვრებისა და სარეგისტრაციო ბლოკების დამტკიცებას მათ მიერ, ასევე უფლებამოსილი პირის დანიშვნას. ამ ეტაპზე ხდება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუნიციპალურ კომისიასთან შეხვედრა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესების გაცნობის მიზნით.

 

  2. საველე ტექნიკური სამუშაოები:

  საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ იწყება საველე ტექნიკური სამუშაოები. საველე ტექნიკური სამუშაო მოიცავს როგორც საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების განხორციელებას ასევე ინფორმაციის შეგროვებას მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტი).

 

   3. მონაცემების ასახვა პროგრამაში GIS:

  საველე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძიებული ინფორმაცია აისახება პროგრამაში GIS. აღნიშნული ხორციელდება საჯარო რეესტრის გეოდეზიის და გეოინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ.

 

    4. სამართლებრივი დამუშავება:

  სამართლებრივი დამუშავების დროს, მოძიებული საველე ინფორმაციის მიხედვით რეგისტრატორების მიერ, სხვადასხვა საძიებო მონაცემების გამოყენებით, ხორციელდება მიწის ნაკვეთების  მესაკუთრეებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება, მისი სამართლებრივი ანალიზი და ინფორმაციულად დამუშავება. სამართლებრივ დამუშავებისას ახორციელებენ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან  (საქართველოს ეროვნული არქივი, შემოსავლების სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები..) მოწოდებული ინფორმაციისა და საველე ტექნიკური სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებით.

 

    5. საჯაროდ გაცნობა:

  გადაწყვეტილება სარეგისტრაციო ბლოკების გამოქვეყნების შესახებ, მოქმედი კანონის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, (www.napr.gov.ge), საპილოტე არეალის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ყველასათვის ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილზე 10 დღის ვადით.  ფასილიტატორები ახდენენ დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და თანხმდებიან მათთან აზომვით/აგეგმვით ნახაზებზე ხელმოწერის დროზე.

  გამოქვეყნებული ბლოკების საჯარო გაცნობის პერიოდში, 10 დღის მანძილზე ფასილიტატორების მიერ ხელმოწერების შეგროვებისას, ასევე ხორციელდება შემოსულ განცხადებებზე რეაგირება. მოთხოვნის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთებზე საველე ჯგუფის მიერ, თავიდან ხდება საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ინფორმაციის გადამოწმება, რომელზეც დგება შესაბამისი ოქმი.

 

     6. ინფორმაციის დამუშავება:

  მიღებული განცხადებების გათვალისწინებით, მათზე რეაგირების შემდეგ (რაც ხშირად ახალი აზომვების მოთხოვნის გამო გრძელდება 5-6 დღე) ქონების რეგისტრაციის სამსახური ახდენს ინფორმაციის განახლებას და ხდება განახლებული მონაცემების ასახვა პროგრამაში GIS.

 

      7. უფლების რეგისტრაცია

  განმეორებითი გამოქვეყნების შემდეგ (მიმდინარეობს 10 დღე), ქონების რეგისტრაციის სამსახური ახდენს მიწაზე უფლების რეგისტრაციას ან აგზავნის უფლებამოსილ ორგანოში (აღიარების კომისიაში-თვითნებურად დაკავებულ მიწაზე)