შეხვედრა დიასპორასთან

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია პროცესში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების მაღალი ჩართულობა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა სარეგისტრაციო პროცესში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო ) თორთლაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ქვეყნის გარეთ მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა დიასპორის წარმომადგენლებისათვის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და პროცესში ემიგრანტთა ჩართულობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას.

თავმჯდომარემ სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დამსწრეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მონაწილეებმა რეფორმის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

დისტანციურ შეხვედრაში საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში, სრულიად უფასოდ, დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule